ოფიციალურად - რა წერია საჩივარში, რომლითაც ეგვიპტემ ფიფას მიმართა ოფიციალურად - რა წერია საჩივარში, რომლითაც ეგვიპტემ ფიფას მიმართა » Footballnews ოფიციალურად - რა წერია საჩივარში, რომლითაც ეგვიპტემ ფიფას მიმართა
გათიშვა

ოფიციალურად - რა წერია საჩივარში, რომლითაც ეგვიპტემ ფიფას მიმართა

ოფიციალურად - რა წერია საჩივარში, რომლითაც ეგვიპტემ ფიფას მიმართა
1 საათის და 16 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი
უგულშემატკივრე სპართან ერთად

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან მარცხისა და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფა-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა. ეგვიპტური მხარე მატჩის მთავარ არბიტრს, ფრანსუა ლეტესიეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებას ითხოვს.

მერვედფინალური შეხვედრა დაძაბული სცენარით წარიმართა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა, ლიონელ მესის ლიდერობით, შეხვედრის ბოლო 15 წუთის განმავლობაში სამი გოლის გატანა და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს.

მიუხედავად სპორტული შედეგისა, ეგვიპტური მხარე მიიჩნევს, რომ არბიტრის არაობიექტურმა გადაწყვეტილებებმა მატჩის საბოლოო ანგარიშზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. გამოცემა Diario AS-ის ცნობით, ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჰანი აბო რიდა ორ სადავო ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი ეგვიპტელთა მიერ გატანილი მეორე გოლი VAR-ის (ვიდეორეფერის) ჩარევის შედეგად გაუქმდა, რისი მიზეზიც მოედნის საპირისპირო მხარეს, გოლის ეპიზოდამდე დაფიქსირებული თამაშის წესების დარღვევა გახდა. თუმცა, ეგვიპტური მხარის მტკიცებით, არბიტრებმა ანალოგიური დარღვევა სრულად უგულებელყვეს არგენტინის ნაკრების გამარჯვების გოლის კომბინაციის საწყის ფაზაში.

გარდა ამისა, ეგვიპტელთა მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ. კერძოდ, არგენტინელთა გადამწყვეტ, მესამე გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მოჰამედ სალაჰი ხულიან ალვარესთან ორთაბრძოლისას საჯარიმო მოედანში წაიქცა, თუმცა მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-სგან სადავო ეპიზოდებთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებასა და ინციდენტის დეტალურ მოკვლევას ითხოვს. ამასთანავე, ასოციაცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ ფრანგ მსაჯთა ბრიგადა, რომელიც აღნიშნულ დაპირისპირებას ემსახურებოდა, მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ ეტაპებს ჩამოაშორონ.

FACEBOOK კომენტარები